ომის ტრავმა თაობიდან თაობებს მიჰყვება, ისტორიები კი არასდროს ხდება დავიწყებული. მეორე მსოფლიო ომმა, დიდ ტრაგედიასთან ერთად, ბევრი ასეთი ადამიანური ისტორია დატოვა. სწორედ ერთ ასეთ ამბავს იხსენებს კარიტასის დღის ცენტრის ბენეფიციარი, სვეტლანა ჯუმუხაძე.
ეს ისტორია არამხოლოდ წარსულია, არამედ გაკვეთილია იმაზე, თუ როგორ შეიძლება ყველაზე რთულ დროსაც კი ადამიანობა შეინარჩუნო და მცირედიც გაუყო სხვებს.
”მამაჩემი ომის დაწყების დღიდან დამთავრებამდე იბრძოდა. ერთხელ უკრაინაში ტყვედ ჩავარდა - პატარა სივრცეში ჰყავდათ დამწყვდეული სხვებთან ერთად.
მძიმე ზამთარი იდგა. ერთ დღეს გერმანელმა ოფიცერმა შემოაღო კარები და ტყვეებისთვის უკითხავს - ღუმელის გაკეთება თუ იცით ვინმემო. მამაჩემს ყველაფერი ეხერხებოდა და მაშინვე თქვა - მე ვიციო. მოუტანეს მასალები და მამაჩემმა მართლაც აუწყო.
ამ საქმეში კი მამაჩემს ერთი პური და ცოტა სალა მისცეს. სხვა ტყვეებთან რომ დაბრუნებულა სალა და პური ყველასთვის გაუნაწილებია. ყველას ცოტა შეგხვდა, მაგრამ მაინც სულ გავინაწილეთ და შევჭამეთო. ეს ძალიან დიდი სიხარული იყო მათთვის მაშინ“ - იხსენებს სვეტლანა მამის მონაყოლს.
სვეტლანა მამა ომიდან მშვიდობით დაბრუნდა. გადარჩა და შინ ეს სიკეთით სავსე ისტორიაც მოიტანა. დღეს სვეტლანა სწორედ ამ მემკვიდრეობით ცხოვრობს, რომ ყველაზე დიდ სიბნელეშიც კი ადამიანობას შეუძლია შინ დაგვაბრუნოს.
ფაშიზმზე გამარჯვების დღე სწორედ ასეთი ადამიანების დღეა - მათი, ვინც სასტიკი ომი გამოიარა, გულით კი სხვებამდე სიკეთე და სიყვარული მიიტანა.